Loading data...
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 9 თვეში რეკორდულად გაიზარდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს 6.5%-ით (210 მლნ. აშშ დოლარით) აჭარბებს.

ამავე მონაცემებით, 2024 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2023 წლის მონაცემებს 8%-ით (116 მლნ. აშშ დოლარით) გადააჭარბა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან და 456 მილიონი დოლარი შეადგინა. ზრდა 2023 წელთან შედარებით 6.7%-ით (29 მლნ. აშშ დოლარით) მეტია.

ამავე ინფორმაციით, 2024 წლის 9 თვეში რეკორდულად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და 323 მილიონი დოლარი შეადგინა, ზრდა 24.9%-ით მეტია (64 მლნ. აშშ დოლარი) 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.

ასევე, 2024 წლის 3 კვარტალის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან და 108 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ზრდა 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 21.7%-ით მეტია (19 მლნ. აშშ დოლარი).