ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სან-მარინოს რესპუბლიკის ფინანსთა და ბიუჯეტის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სან-მარინოს რესპუბლიკის ფინანსთა და ბიუჯეტის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრ მარკო გატტის შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სან-მარინოს შორის საგადასახადო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და გამოთქვეს სურვილი პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.
ამასთან, საქართველოსა და სან-მარინოს ფინანსთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმს, რომლის მიზანია საქართველოსა და სან-მარინოს შორის მოქმედი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა.
აღნიშნული ოქმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სან-მარინოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ინვესტიციების დაცვას.
ამჟამად „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმება ძალაშია 58 ქვეყანასთან.