Loading data...
ნათია თურნავა: როდესაც ჩნდება უფრო მსხვილი საბანკო ინსტიტუტი, ეს ცალსახად ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას

როდესაც ჩნდება უფრო მსხვილი მესამე საბანკო ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, ეს კონკურენციის განვითარებას ცალსახად ხელს უწყობს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენის შესახებ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის გარიგებაზე საბოლოო თანხმობა ერთი კვირის წინ გასცა. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, გარიგებაში ძალიან ბევრი დეტალია გათვალისწინებული, მათ შორის ის, რომ ორივე ბანკის მომხმარებელი მაქსიმალურად დაცული იყოს. 

„აღნიშნული გაერთიანების შემდეგ საბანკო სექტორს უფრო მეტად დაეტყობა გაზრდილი კონკურენცია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, კანონის შესაბამისად, სებ-ში შეაფასეს ამ შესაძლო გარიგების, მაშინ ჯერ კიდევ პოტენციური გარიგების გავლენა საქართველოში ფინანსური ბაზრის კონკურენტულ მდგომარეობაზე და შეფასდა პოზიტიურად, იმიტომ, რომ კონკურენციის განვითარებას ცალსახად უწყობს ხელს, როდესაც ზომით მესამე და მეოთხე ბანკი ერთიანდება და ჩნდება უფრო მსხვილი მესამე საბანკო ინსტიტუტი.   

„რასაკვირველია, თუ შევადარებთ ჩვენ ზომით ორ წამყვან ბანკს, ზომა ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ არის კარგი სასტარტო პოზიცია იმისთვის, რომ ბაზარზე მესამე - უფრო სერიოზული მოთამაშე გაჩნდეს. კონკურენცია ყოველთვის კარგია, რასაკვირველია, იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ის იწვევს უფრო მეტ ხელმისაწვდომობას საბანკო პროდუქტზე, უფრო მისაღები დანახარჯებით, მისაღები ფასებით, ანუ საპროცენტო განაკვეთების დაწევას, საკომისიოების შემცირებას და ა.შ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მესამე ბანკი, ახლა უკვე „ბაზისბანკი“ და „ლიბერთი“ ერთიანად, უფრო აქტიურები გახდებიან ბაზარზე და უფრო მეტად დაეტყობა ჩვენს ბაზარს გაზრდილი კონკურენცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებოდით და მივესალმებით კიდევაც ამ გარიგებას. ძალიან ბევრი დეტალი არის გათვალისწინებული. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე ბანკის მომხმარებელი მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული და ეს ასეც არის საბოლოო ჯამში - ამ გარიგების სტრუქტურა ამ კუთხით საკმაოდ კარგად არის დამუშავებული“ , - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, გარკვეული პერიოდი გავა, ვიდრე საბოლოო შერწყმა მოხდება.

„კარგია, რომ ეს არის უცხოური ინვესტიცია. იცით, რომ „ბაზისბანკი“ ეს არის ჩინური ბანკი, ის არ არის ახალი ინვესტორი ბაზარზე, მაგრამ ეს მომავალში ახალი უცხოური დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობაა, რადგან მათ უნდა გააფართოონ ეს ბანკი და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პოტენციალი სრულად იქნება რეალიზებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.