Loading data...
ნათია თურნავა ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველს რენატ ბექტუროვს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველს რენატ ბექტუროვს და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა (AIFC) და ასტანის საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) დელეგაციას შეხვდა. ყაზახური მხარე საქართველოში „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების, კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დინამიკაზე, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის, ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა და ასტანის საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) თანამშრომლობას, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ხელშეწყობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის თანამშრომლობა წლებია გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ზედამხედველობის მიმართულებით თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ახალი ჩარჩო მიზნად ისახავს საქართველოსა და ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის ფინანსური მომსახურებისა და საბაზრო თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თალგატ ადუოვი.

ყაზახურ დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდნენ სების პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. ასევე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.