Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მნიშვნელობა სცდება მხოლოდ შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას - ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ხიდს იმ რეგიონებს შორის, რომელთა მომავალიც სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო სცდება მხოლოდ შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას - ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს კარიბჭეს, პარტნიორსა და ხიდს იმ რეგიონებს შორის, რომელთა მომავალიც სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იდენტობას და კეთილდღეობას მუდმივად განსაზღვრავდა ის წყლები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს, კულტურებსა და ეკონომიკებს აკავშირებს.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტრაექტორია ცალსახად ძლიერია - 2021–2024 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 9,8% შეადგინა. ეს დინამიკა 2025 წელსაც შენარჩუნდა და წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკა 7,8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას არსებითად განაპირობებს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და საზღვაო სექტორები, რაც ხაზს უსვამს დაკავშირებადობისა და ღირებულებათა ძლიერი ჯაჭვების როლს, როგორც ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნდამენტურ მამოძრავებელ ძალას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო IMO-ს წევრი ქვეყნების წინაშე დგას, როგორც ერთგული პარტნიორი ერთობლივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ურთიერთდაკავშირებული და მდგრადი საზღვაო მომავლის შესაქმნელად.