მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორის სიძლიერე პირდაპირ გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს თვითკმარი ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით
„დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სექტორი, როგორც საზრუნავი ჩვენი ქვეყნისთვის, არის ენერგეტიკა, რადგან ამ სექტორის სიძლიერე პირდაპირ გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველო თვითკმარი გახდეს ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით. ეკონომიკის სამინისტროში უკვე გვაქვს შემუშავებული სექტორის განვითარების 10-წლიანი ხედვა, რომელიც პასუხობს აღნიშნულ მთავარ ამოცანას და ღირებულებას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში დადგმული სიმძლავრე ორ-ნახევარჯერ უნდა გაიზარდოს.
„ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ყოველწლიურად იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრე ქვეყანაში იმისთვის რომ, მათ შორის, შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება. საბედნიეროდ ვხედავთ, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია როგორც ადგილობრივი ისევე როგორც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. მომდევნო 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრის ორ-ნახევარჯერ გაზრდის ამოცანა შესრულებადია მაშინ, როდესაც ექსპლუატაციაში შევა ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიცაა ნენსკრა, ნამოხვანი, ხუდონი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტები განხორციელდეს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის.