Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ლიდერობას როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის

„ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ლიდერობას როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის. 2021-2024, განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.8% შეადგინა, მიმდინარე წელს კი უკვე გადავაჭარბეთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზებს და წლევანდელი საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ს აღწევს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, 2025 წელი საქართველოსთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოწვევებითა და წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა შედეგიანი წელი აღმოჩნდა, რომელიც ღირსეული შედეგებით სრულდება.

მინისტრმა ყურადღება რეგიონულ და მსოფლიო გარემო ფაქტორებზე გაამახვილა და სექტორული მიმართულებების სტაბილურ ზრდაზე ისაუბრა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ტექნოლოგიების სექტორი, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, რა თქმა უნდა, ტურიზმის მიმართულება, სამშენებლო სექტორი, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა. ამ სექტორებმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დივერსიფიცირებულ პოლიტიკას ეფუძნება, რაც უზრუნველყოფს მდგრადობას და სექტორებთან მიმართებით ამცირებს დამოკიდებულებას კონკრეტულ ქვეყნებზე.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს არის უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც ქვეყანას, ფაქტობრივად, ყველა სექტორში აქვს და დღეს საქართველო ნაკლებად არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე მთავარ, ძირეულ სექტორებთან მიმართებით და ესეც ბევრი წლის საერთო შრომის შედეგია,

მინისტრმა ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების ზრდაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ეტაპობრივად დაიწყოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, განსაკუთრებით ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ქვეყნისთვის პირველადი საჭიროებისაა.

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს და დავეხმაროთ ადგილობრივ მეწარმეებს, განავითარონ მათი გაყიდვების ქსელი. ამისთვის მათ ძალიან ბევრ ინსტრუმენტს ვთავაზობთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატება მრავალწლიანი თანმიმდევრული პოლიტიკისა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

მისი შეფასებით, დიპლომატიური კორპუსის, ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებაში.