მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან განვითარებული ორგანიზაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის დროს შეიქმნა, არის „აწარმოე საქართველო“ - 2013 წლიდან დღემდე, 6 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარება გაეწია ქართველ მეწარმეებს
ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩვენს ქვეყანაში ყველა მიმართულების განვითარებას, მათ შორის მრეწველობის განვითარებასაც, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
მინისტრის თქმით, „აწარმოე საქართველოს“ უდიდესი ღირებულება აქვს საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი.
„შემიძლია, კონკრეტულად მოგიყვანოთ მაგალითები, თუ რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში განვითარდეს წარმოება, რამდენი რესურსი გვაქვს და რამხელა მოცულობა თანხები გვაქვს ამისკენ მიმართული.
ძალიან განვითარებული ორგანიზაცია და უწყება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის დროს შეიქმნა, არის „აწარმოე საქართველო“. 2013 წლიდან დღემდე 6 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარება გაეწია ქართველ მეწარმეებს.15 ათასზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა შეღავათიანი პირობებით, 90 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, წარმოება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„წარმოების ხელშეწყობა პირდაპირ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ინტერესს, რაც გულისხმობს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. 2 ათასზე მეტი პროექტი არის დაფინანსებული მხოლოდ „აწარმოე საქართველოდან“, 300 მილიონი ლარის მოცულობის თანხა არის მობილიზებული და დაიხარჯა იმაში, რომ გაიაფდეს სესხის პროცენტი, საგრანტო კომპონენტში ჰქონოდათ შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებს, ესარგებლათ და აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ხელშესახები შედეგები არის 2 ათასზე მეტი საწარმო, რომელიც მრავალპროფილურია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.