Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე, რომელიც მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ენერგეტიკული დაგეგმვისა და საინჟინრო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და ასევე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ენერგიის ადგილობრივი წყაროების ათვისება, განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა.

ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალზე, რომელიც ქვეყანას ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების განვითარების კუთხით აქვს.

საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში, რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.

EPPEI 70-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალი დონის საკონსულტაციო ინსტიტუტია, რომელიც მომსახურებას უწევს სამთავრობო უწყებებს, საფინანსო ინსტიტუტებს, ენერგეტიკულ და მასთან დაკავშირებულ საწარმოებს.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.