Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები

„სახელმწიფომ უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის განახლება, რამეთუ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდ მოდელით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდ მოდელით ოპერირების შესახებ, რაც მარიამ ქვრივიშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

„ე.წ. ლენდლორდ მოდელი ნიშნავს, რომ პირველი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, ეს იქნება ქართული პორტი, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები. ამას ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად რეგიონულ კონტექსტშიც შეგვიძლია შევხედოთ ამ პროექტს და ასევე შუა დერეფნის კონტექსტშიც, ექნება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ჩართული ჩვენი პარტნიორი მხარისთვის. შეცვლილმა მოდელმა, ამ გადაწყვეტილებამ, რაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე თვის წინ, უკვე ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, უკვე ძალიან დიდი დაინტერესებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, საერთაშორისო კომპანიების, გამოცდილი გადამზიდავი კომპანიების, პორტებისა და ტერმინალის ოპერატორების მხრიდან.

„მთავარი ამოცანა იყო, რომ ანაკლია, როგორც სტრატეგიული ობიექტი, უნდა დარჩენილიყო სახელმწიფოს მფლობელობაში. თუმცა ანაკლიაში ჩვენ უნდა მოგვეხდინა საერთაშორისო ინტერესების გაერთიანება და სწორედ ეს არის, რასაც ემსახურება ეს მოდელი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე განახლებული გენგეგმის კვალდაკვალ გვექნება ხელშესახები შედეგები, რასაც პერიოდულად, ბუნებრივია, საზოგადოებას გავაცნობთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.