Loading data...
მაია მელიქიძე: სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის კრიტიკული თემა, რაც სექტორს აწუხებს და ძალიან სწრაფი იყო სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმ არაერთჯერად შეხვედრაზე, რომელიც შედგა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, იყო ყველა კრიტიკული თემა, რაც აწუხებს სექტორს და ძალიან სწრაფი იყო რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნავს გრედა-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში არაერთი პროექტი განხორციელდება.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის, მზისა და ქარის მიმართულებით პროექტები. ფაქტია, რომ ინიციატივები, რომლებიც გრედა-ს გააჩნდა და წლების განმავლობაში ჩვენი პროექტი იყო ნამდვილად თაროზე, დღეს უკვე მისი განხილვა საპარლამენტო ნაწილში გადაინაცვლებს, ამას ემატება მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 მგვ-ზე არსებული შეღავათების, 5 მგვტ-ზე აწევას - ეს ცოტა ხნის წინ დაინიციირებული მნიშვნელოვანი წინადადებაა, რომელიც უმალვე იქნა გაზიარებული სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მალე, ჩვენ გვექნება ამ მიმართულებითაც შედეგი“, - აცხადებს მაია მელიქიძე. 

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით, ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა, მნიშვნელოვანი ინიციატივები.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.