მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება
„ერთადერთი სწორი გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება. სწრაფად იცვლება ჩვენს თვალწინ მსოფლიო წესრიგი, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ამ ცვლილებებს გარკვეული საფუძვლები აქვს. ჩვენი პრაგმატულობაც სწორედ ამაში უნდა გამოიხატოს, რომ სწორად შევაფასოთ ის რეალობა, რაშიც ვმოქმედებთ. უნდა დავანებოთ თავი მხოლოდ სასურველი რეალობის დანახვას - შეიძლება რეალობა არ იყოს სახარბიელო, მაგრამ უნდა შევძლოთ მისი სწორად შეფასება და სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე გადავდგათ ნაბიჯები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
მისივე განცხადებით, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან.
„სუვერენიტეტის დაცვა სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკის გადაკვეთა. საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ხაზების დაცვა, რაც ეხება სწორედ სუვერენიტეტს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის.
როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა იყოს პირველ რიგში ისეთი, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება, ხოლო შემდგომ მოდის უკვე ყველა სხვა დანარჩენზე საუბარი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.