ლევან ჟორჟოლიანი: არსებობს მიზანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას განცდა, ფაქტიც შედგეს, რომ სამართლიანად მიმდინარეობს ამ ქვეყანაში ყველა ბიზნესპროცესი, შესყიდვები და მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად დავხარჯოთ ბიუჯეტი
არსებობს მიზანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას განცდა, ფაქტიც შედგეს, რომ სამართლიანად მიმდინარეობს ამ ქვეყანაში ყველა ბიზნესპროცესი, შესყიდვები და მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად დავხარჯოთ ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, როდესაც სისტემას აქვს გარკვეული პრობლემები, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი ექცევა ამ ზეგავლენის ქვეშ და მერე თავად ცდილობს გარედან გარკვეულ ბენეფიტებს, ჩაწყობებს და ა.შ.
„გვქონდა ასეთი პრაქტიკებიც, არიან კომპანიები, რომლებიც ერთმანეთში რიგდებიან, ბაზარს ხელოვნურად იყოფენ, ეს მარტო სახელმწიფოს მხრიდან არ იყო, ბიზნესსაც სერიოზული პრობლემები აქვს. მაგრამ აქ სისტემამ არ უნდა გიკარნახოს, სისტემამ უნდა დააზღვიოს, ამაში არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რისკენაც ჩვენ მივდივართ და შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული გარდატეხები შევიტანეთ ამ მიმართულებით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის მხრიდან მსგავსი პრეტენზია და მსგავსი განცხადება, ფაქტობრივად, არ მოგვისმენია. მე აქ საუბარი მაქვს როგორც საჯარო, ასევე არასაჯაროდ სულ კონტაქტზე ვართ.
მაგალითად, პრემიერ-მინისტრს, ალბათ, რამდენიმე შეხვედრა აქვს კვარტალში ერთხელ ბიზნესსექტორთან და ისმენს ყველა პრობლემაზე, გამოწვევაზე და ა.შ. მაგალითად, ბოლოს BAG-ის კონფერენციას ესწრებოდა. ყველაფერზე გვქონდა პასუხი, რადგან, პირველ რიგში, არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს საკითხები გადაიჭრას. არსებობს მიზანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას განცდა და ფაქტიც შედგეს, რომ სამართლიანად მიმდინარეობს ამ ქვეყანაში ყველა ბიზნესპროცესი, შესყიდვები და რომ ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად დავხარჯოთ ბიუჯეტი, გავუფრთხილდეთ ამ პროცესს, რომელსაც ჩვენ ვაგებთ და გავიარეთ კიდეც საკმაოდ წარმატებითაც“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.