Loading data...
ლევან ვეფხვაძე თელავისა და მესტიის აეროპორტებზე: შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება

„შიდა საჰაერო რეისებით ძირითადად მაღალმხარჯველი ტურისტები სარგებლობენ“, - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

მისი თქმით, ტენდერი, რომელიც მესტიისა და თელავის აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე გამოცხადდა, ქვეყანაში ტურისტული დანახარჯების ზრდას შეუწყობს ხელს.

„ორივე პროექტი ქართული კომპანიების მიერ არის მომზადებული. საჰაერო რეისებით სარგებლობენ არა ჩვეულებრივი, არამედ ეგრეთ წოდებული მაღალმხარჯველი ტურისტები. ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ჩვენს რეგიონებს სჭირდება - ადამიანები, რომლებიც ადგილზე მნიშვნელოვან თანხას დახარჯავენ, რაც, თავის მხრივ, არსებით ეკონომიკურ ეფექტს შექმნის“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიისა და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათას მგზავრს მოემსახურება, ასევე 50 ათასამდე მგზავრზე იქნება გათვლილი თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალიც.