Loading data...
ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს.

შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

„განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.

ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები, გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 550 მლნ აშშ დოლარია“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.