Loading data...
ქვრივიშვილი: საერთაშორისო დისკუსიებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი მაგალითი, თუ როგორ შეძლო ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა მოეხდინა

საერთაშორისო დისკუსიებზე, გამოსვლებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი და წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით, უზრუნველყოფა მოეხდინა სექტორის ასეთი სწრაფი ზრდისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკა სრულად მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე, ეკონომიკის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე, განჭვრეტადი გარემოს შექმნაზე იმისთვის, რომ ბიზნესმა განაგრძოს იმ სიკეთის შექმნა, რაც გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირსეული ახალი სამუშაოს ადგილების შექმნა უპირობოდ ქვეყნის მოსახლეობისთვის.

„როდესაც ვსაუბრობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში შემოდინებაზე, აქ სამი ძირითადი მიმართულებაა: პირველი - შეიძლება დავიწყოთ ტურიზმის ინდუსტრიით. ჩვენი ქვეყანა გამორჩეულად ძლიერია ამ მიმართულებით. ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ წლიდან წლამდე ტურიზმის სექტორი ასეთი დინამიკით იზრდებოდეს.

შეგვიძლია ავიღოთ გასული წელი, როგორც ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. ისტორიული და რეკორდული იყო ის მონაცემები, რომელიც ტურიზმიდან მივიღეთ - 4 მილიარდ 700 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შემოვიდა უშუალოდ ტურიზმიდან. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა 7 მილიონ 800 ათასზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს.

საერთაშორისო დისკუსიებზე, გამოსვლებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი და წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით, უზრუნველყოფა მოეხდინა სექტორის ასეთი სწრაფი ზრდისთვის. ჩვენს ქვეყანაში 96 ქვეყნის მოქალაქე უვიზოდ შემოდის, თუმცა, დაახლოებით იგივე რაოდენობის, 97 ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება ვიზა.

ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით იმ დინამიკას, რომელიც ტურიზმის ზრდასთან ერთად შესაძლებელია ქვეყანაში ზრდიდეს იმიგრაციის დონეს, აქედან გამომდინარე გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რის ფარგლებშიც, მათ შორის გამკაცრდა არსებული სავიზო რეგულაცია და დაახლოებით 17 ქვეყნისთვის დამატებითი შეზღუდვა შემოვიდა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.