Loading data...
ივანე აბაშიძე: მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის როლი ფაქტობრივად სტრატეგიულად შეუცვლელია შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც ცენტრალურ აზიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის არსებობს

„მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის როლი ფაქტობრივად სტრატეგიულად შეუცვლელია შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც ცენტრალურ აზიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის არსებობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.

მისი თქმით, დერეფნის ეფექტიანობის გაზრდა პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინვესტიციებს.

„ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც საქართველო ახორციელებს და ის განცხადებული პოლიტიკა, რომ 2032 წლამდე საქართველოს ხელისუფლება 7 მილიარდ დოლარს დახარჯავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებაში. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის როლი, რომელიც არის ევროპის კარიბჭე ე.წ. შუა დერეფნის ვაჭრობისთვის. რამდენადაც სწორედ ანაკლიის ნავსადგური იქნება ის წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის და გამჭვირვალე დერეფნის სიმბოლო, რომელსაც საქართველო აშენებს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად რეგიონული ვაჭრობის და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფისათვის“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ.