Loading data...
ირაკლი ნადარეიშვილი: SWITCH 2026 არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა და ნიშანდობლივია, რომ ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით

„ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამ თვალსაზრისით ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება, გაძლიერება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს“, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის აზიის უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH 2026 (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) მონაწილეობს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ინიციატივა ქართული ეკოსისტემისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„წელს პირველად საქართველო სინგაპურის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კვირეულში მონაწილეობს. ეს არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა და ნიშანდობლივია, რომ ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ბაზარი, ძალიან საინტერესო ვენჩურული კაპიტალის მიმართულება. ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის შემდგომი დიდი გლობალური ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.