Loading data...
გრედა-ს გამგეობის თავმჯდომარე: შესამჩნევია ის ხელშეწყობა და მონდომება, რომელიც საჯარო სექტორის ახალ გუნდს აქვს იმისათვის, რომ ენერგეტიკა განვითარდეს

„ფაქტობრივად, მიძინებული პროექტები და სექტორი, რომელიც დიდი ხანია, მორატორიუმის ტიპის მდგომარეობაში იყო, გაცოცხლდა“, - აცხადებს გრედა-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ და დასძენს, რომ ის ხელშეწყობა და მონდომება, რაც საჯარო სექტორის ახალ გუნდს ენერგეტიკის განვითარებისთვის აქვს, შესამჩნევია.

„შესამჩნევია ის ხელშეწყობა და მონდომება, რომელიც საჯარო სექტორის ახალ გუნდს აქვს იმისათვის, რომ განვითარდეს ენერგეტიკა. ფაქტობრივად, მიძინებული პროექტები და სექტორი, რომელიც დიდი ხანია, მორატორიუმის ტიპის მდგომარეობაში იყო, გაცოცხლდა.

ჩვენ მივიღეთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პროექტი, რამდენი სიმძლავრით ესაჭიროება ქვეყანას შემდეგი 5 და 10 წლის განმავლობაში. საუბარია, რომ პირველი 5 წლის განმავლობაში 4000 მგვტ დამატებითი სიმძლავრე შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, ჯამში, 4500 მგვტ-ია ჩვენი სიმძლავრე, აქედან გამომდინარე, გაორმაგება ჩვენი სიმძლავრის 5 წლის განმავლობაში არის ძალიან სერიოზული მესიჯი ჩვენი ინვესტორებისთვის“, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.