Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ არამარტო ნაწილი, არამედ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზეც დგას დღევანდელი ევროკავშირი

„ძალიან ბევრჯერ ითქვა, თითქოს საქართველომ აქცია ევროკავშირს ზურგი - სად აქცია საქართველომ ევროკავშირს ზურგი? ევროკავშირი თუ ევროპა არ არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი - ეს არის ის, რაც ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევიც არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია, ჩვენმა მამა-პაპამ აირჩია, ასეთები გავჩნდით“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

მისივე განცხადებით, საქართველო არამარტო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზეც დღეს ევროკავშირი დგას.

„ჩვენ ვართ არამარტო ნაწილი, არამედ ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზეც დგას დღევანდელი ევროკავშირი. ეს ფასეულობები, საბოლოო ჯამში, მივა ქრისტიანობასთან, ქრისტიანულ ფასეულობებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა მთელი თავისი არსებობის მანძილზე იცავდა და იყო იმ კართან, სადაც ხდებოდა პირველი დარტყმის მოგერიება. დღესაც სწორედ იქ ვდგავართ - ჩემთვის არაერთ ევროპელ პოლიტიკოსს უთქვამს, რომელთა ხმებიც არცთუ ისე ხმამაღლა ისმის დღეს ევროპაში სხვადასხვა მიზეზების გამო (ამის მიზეზი თქვენ თვითონ განსაჯეთ, როდესაც სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ), რომ დღეს საქართველოში ბევრად უფრო მეტი წყდება, ვიდრე ჩვენ გვგონია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიდის თუნდაც იმ ევროპული ცივილიზაციისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, აქვს, ახორციელებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.