Loading data...
გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს საზღვაო სექტორში მიღწეული პროგრესი სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან

„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. მასთან ვისაუბრეთ არა მხოლოდ მხარდაჭერაზე, რომელსაც გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია მომავალშიც გაუწევს საქართველოს, როგორც ორგანიზაციის აქტიურ წევრს, არამედ ხაზი გავუსვით ქვეყნის საზღვაო სექტორში მიღწეულ პროგრესს, რომელიც, რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ორგანიზაციის მიზნებთან“, - განაცხადა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს წარმატებული მონაწილეობა IMO-ს ეგიდით მიმდინარე პროექტებში. საუბარი წარიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორში მიმდინარე ტენდენციებსა და რეფორმებზე, აგრეთვე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სამომავლოდ გაზრდიან საქართველოს, როგორც საზღვაო სატრანსპორტო ქვეყნის როლს რეგიონში. ასევე, აქცენტი გაკეთდა ქართველ მეზღვაურების განათლების და სერტიფიცირების სისტემაზე.

გაეროს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს საზღვაო სექტორში ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს და არსებულ პროგრესს და ქვეყანას სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს როგორც გაეროს ორგანიზაციის, ისე საზღვაო ადმინისტრაციების საქმიანობა და საზღვაო სექტორის გაუმჯობესების პერსპექტივები.