Loading data...
ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს ფაქტორინგული პლატფორმების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ჩართულობას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წელს ფაქტორინგის შესახებ კანონი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტის განვითარებასა და ბიზნესსექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს. კანონი 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ფაქტორინგი ისეთი გარიგებაა, რომლის დროსაც ძირითადი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა. ეს გარიგება რეგისტრირდება ფაქტორინგის შესაბამის რეესტრში და რეგისტრაციის შედეგად აღნიშნულ მოთხოვნაზე საკუთრების უფლება სწორედ ფაქტორზე გადადის.

კანონის თანახმად, ფაქტორინგის მხარეს წარმოადგენენ სების რეგულირებული სუბიექტები - კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ფაქტორინგული კომპანიები. რაც შეეხება ფაქტორინგულ გარიგებებს, მათი შესრულება უნდა განხორციელდეს ასევე სების ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული ფაქტორინგული პლატფორმის მიერ.

ფაქტორინგული პლატფორმა შესაძლოა იყოს შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის მქონე სუბიექტი, რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება ფაქტორინგული გარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა. მათ შორის, ფაქტორინგის მხარეთა შორის შეთანხმებების ელექტრონულად შესრულება. პლატფორმის მიზანია ფაქტორინგის ბაზრის მონაწილეებს შორის ციფრული ურთიერთქმედების ხელშეწყობა, დებიტორული დავალიანების დაფინანსების პროცესის გამარტივება და ინოვაციური პროდუქტების განვითარების მხარდაჭერა.

ეროვნული ბანკისთვის, საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისა და შესაბამისი სარეგულაციო ჩარჩოს შემუშავების მიზნით, მნიშვნელოვანია ფაქტორინგით დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სების მიერ რეგულირებული სუბიექტების მოსაზრებებისა და ხედვების გაზიარება ფაქტორინგული პლატფორმის საზედამხედველო ჩარჩოს შემდგომი სრულყოფისთვის.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებას, სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, ასევე უფრო გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ფაქტორინგის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მნიშვნელოვანია პოტენციური მონაწილე მხარეების, ტექნოლოგიური პროვაიდერებისა და ფინანსური ორგანიზაციების ინტერესის, შესაძლებლობებისა და სექტორში შესაძლო ჩართულობის შეფასებისთვის და შედეგად, ეფექტური ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის.

მოსაზრებების დაფიქსირება შესაძლებელია 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე - [email protected]