ენერგეტიკის სფერო ღია უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალი, გამოცდილების მქონე დეველოპერებისთვის - მარიამ ქვრივიშვილმა, ეკონომიკის მინისტრის რანგში, სექტორის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

„სამინისტროში არსებობდა მანკიერი პროცედურები, რაც ინვესტორს საშუალებას აძლევდა თავი აერიდებინა მემორანდუმით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, იქნება ეს ვადის გადაწევა, პირობების კორექცია თუ სხვა. ენერგეტიკის სფერო ღია უნდა იყოს მხოლოდ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, დარგში ჩართული და გამოცდილების მქონე დეველოპერებისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
შეხვედრა დღეს, 5 სექტემბერს ქორტიარდ-მარიოტში გაიმართა და მას ენერგოსექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია (GREDA) და დამსწრეთა დიდი ნაწილი სწორედ ასოციაციის წევრები იყვნენ.
„სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაცია, შესყიდვების დაზოგვა, რეორგანიზაციები, ყველა ამ მიმართულებით უკვე გაწეულია დიდი შრომა და გვაქვს ხელშესახები შედეგები. სამომავლოდაც რეაგირება იქნება უფრო სწრაფი ყველა არსებულ თუ მიმდინარე წინაღობაზე, რაც აღმოიფხვრება დაუყოვნებლივ, ხოლო დარგი იქნება გაჯანსაღებული და გადაწყვეტილებები ყველასთვის გასაგები”, - განაცხადა მინისტრმა.
ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის მინისტრის რანგში სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები პერიოდულ ხასიათს მიიღებს და მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე აქტიური თანამშრომლობის კუთხით.