ეკატერინე მიქაბაძემ სტამბოლის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ სტამბოლის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმმა ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსთა მინისტრები, მაღალი რანგის პოლიტიკის გამტარებლები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები გააერთიანა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გლობალური ეკონომიკის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებსა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ზრდის დაბალანსება სავაჭრო გაურკვევლობის პირობებში: საგარეო და შიდა მოთხოვნის როლი“, რომელზეც გლობალური სავაჭრო გარემოს ცვლილებებისა და მცირე ღია ეკონომიკების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
პანელში ასევე მონაწილეობდნენ მალაიზიის ცენტრალური ბანკის მმართველი აბდულ რაშიდ გაფური და ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აკილჟან ბაიმაგამბეტოვი.
პანელური დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეუძლიათ ცენტრალურ ბანკებს, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ხელი შეუწყონ ეკონომიკის მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის პირობებში. ამ მიმართულებით მთავარ პრიორიტეტებად დასახელდა ფასების სტაბილურობა, სანდო მონეტარული ჩარჩო, მოქნილი გაცვლითი კურსი, ადეკვატური საერთაშორისო რეზერვები და ფინანსური სტაბილურობის დაცვა.
ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური პროცესები გავლენას ახდენს არა მხოლოდ უშუალო სავაჭრო ურთიერთობებით, არამედ საგარეო მოთხოვნის, დაფინანსების პირობების, კაპიტალის ნაკადების, გაცვლითი კურსისა და ინვესტორთა განწყობების არხებით.
პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთ გარემოში ეკონომიკური მდგრადობის საფუძველი თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სანდო ინსტიტუტებია. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და მოქნილი გაცვლითი კურსი ეკონომიკას საგარეო შოკებთან ადაპტაციაში ეხმარება, ხოლო საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური მოცულობა დამატებით დამცავ ბუფერს ქმნის და ნდობას აძლიერებს.
დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა მონეტარული პოლიტიკის რისკებზე დაფუძნებულ მიდგომაზეც. ეკატერინე მიქაბაძის განმარტებით, მაღალი გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილებები სხვადასხვა შესაძლო სცენარის შეფასებას უნდა ეყრდნობოდეს. ამ სცენარების გამჭვირვალე კომუნიკაცია საზოგადოებასა და ფინანსური ბაზრის მონაწილეებს ეხმარება გაიგონ, როგორ უპასუხებს ცენტრალური ბანკი ეკონომიკური ვითარების ცვლილებას, რაც ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობასა და პოლიტიკის ეფექტიანობას უწყობს ხელს.
„რეგიონული შეთანხმებები და გაუმჯობესებული სატრანსპორტო კავშირები ხელს უწყობს ბაზრებზე წვდომას და ამცირებს სავაჭრო პროცესებთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუმცა ვერ ჩაანაცვლებს პროგნოზირებად, საერთო წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას. გლობალური სავაჭრო ნაკადებისა და მიწოდების ჯაჭვების ცვლილებამ შეიძლება ახალი შესაძლებლობები შექმნას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც საიმედო ინფრასტრუქტურა, ეფექტიანი ლოგისტიკა და სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვთ. თუმცა, გლობალური სავაჭრო გაურკვევლობის პირობებში ზრდა ვერ დაეყრდნობა მხოლოდ ერთ ბაზარს, ერთ სექტორს ან ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს. საგარეო დივერსიფიკაცია, ადგილობრივი პროდუქტიული შესაძლებლობების გაძლიერება, მოქნილი ადაპტაცია და სანდო მაკროეკონომიკური ინსტიტუტები ერთმანეთს აძლიერებს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
სტამბოლის ეკონომიკური ფორუმი თურქეთის რესპუბლიკის ცეტრალური ბანკის ორგანიზებით სტამბოლის ფინანსურ ცენტრში გაიმართა. ფორუმი საერთაშორისო ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის და გამოცდილების გაზიარების პლატფორმად ჩამოყალიბდა.