ეკატერინე მიქაბაძე - ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
სადისკუსიო თემა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების კუთხით არსებული მიღწევები და პერსპექტივები იყო.
„რეფორმები, რომლებიც კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით ქვეყანაში საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მონაწილეობით განხორციელდა, დაეფუძნა პრინციპს, რომლის თანახმადაც ბაზრის ზრდა და ინვესტორთა დაცვა პარალელური და თანაბრად ღირებული მიზნებია. შესაბამისად, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სების პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის ინკლუზიურობის ზრდის ჭრილში ფინანსური შუამავლების ჩართულობის მნიშვნელობაზეც. როგორც მან აღნიშნა, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საცალო ინვესტორთა (ფიზიკური პირების) მონაწილეობის გასაზრდელად, განსაკუთრებით იმ სეგმენტებზე, სადაც ისინი დღეს ნაკლებად არიან წარმოდგენილნი - სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საბროკერო კომპანიებისა და კომერციული ბანკების პროაქტიულ ჩართულობას, მათ შორის, მიწოდების არხების გაიოლებასა და ტრანზაქციული დანახარჯების შემცირებას.
ეკატერინე მიქაბაძესთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის დაფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელი კავკასიაში დავიდ ურბანეჯა-ფუერლოსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, „ვისოლ ჯგუფის“ მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი დანელია და „თეგეტა ჰოლდინგის“ დირექტორი ეკატერინე ქავთარაძე.
კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც 450-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებელი სტრუქტურები.