Loading data...
დავით უტიაშვილი: უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვრის გაზრდა სავალუტო რისკებისგან დაიცავს როგორც მომხმარებელს, ასევე, ფინანსურ სექტორს

რეგიონში და ზოგადად, გლობალურად გაზრდილი გამოწვევების, ასევე, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მომხმარებელთა მხრიდან დოლარში სესხის აღება ჭარბის რისკის შემცველია, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ლიმიტი დაგვეწესებინა, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაზრდის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა.

დავით უტიაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჰეჯირებული სესხების მექანიზმს, რათა მომხმარებლებისთვის სავალუტო რისკები შემცირდეს.

„ბანკს შეუძლია გასცეს უცხოურ ვალუტაში სესხი, თუ მსესხებელს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში უფიქსირდება. სხვა შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გასცეს ლარის სესხი, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს მსესხებელი და მერე, თავად ფინანსური სექტორი, რადგან ყოველი გადაუხდელი სესხი ფინანსური სექტორისთვის დამატებითი ტვირთია“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს, მას შეუძლია სესხის უცხოურ ვალუტაში აღება, თუმცა თუ შემოსავალი ლარში უფიქსირდება და დასაქმებულია საქართველოში, ამ შემთხვევაში თუ სესხის თანხა 1 მილიონ ლარზე ნაკლებია, ბანკს ექნება შეზღუდვა, რომ არ გასცეს უცხოური ვალუტის სესხი, რადგან მსესხებელი იქნება დაუცველი.

„ჩვენ ეს ლიმიტი პირველად 2017 წელს შემოვიღეთ 100 000 ლარის ოდენობით, თუმცა დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად იზრდებოდა ხოლმე. დღეის მდგომარეობით ლიმიტი 750 000 ლარის ოდენობის სესხზე ვრცელდება, თუმცა 1-ელი ივლისიდან უკვე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები იმავე პირობით უნდა გაიცეს, რაც გულისხმობს, რომ მსესხებელს შემოსავალი უნდა ჰქონდეს იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც სესხი გაიცემა“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.