Loading data...
არსენიო დომინგესი: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს

„საქართველოს კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, რადგან 20 000-მდე მეზღვაურია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განფენილი საქართველოდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი თაობის შემოსვლას საზღვაო დარგსა და პროფესიაში, ამ სფეროში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, მათ შორის, გადამზადებისა და სერტიფიცირების კუთხით, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მეზღვაურების ყოფა და დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები“, – ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ბათუმში მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

მისასალმებელ სიტყვაში დომინგესმა ხაზი გაუსვა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან.

მისი შეფასებით, მეზღვაურის დღის ღონისძიებაზე უმაღლესი დონის წარმომადგენლობის - საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დასწრება იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება საზღვაო ისტორიისა და მისი მომავლის ერთგულია.

„საქართველოში ჩვენი დელეგაციის ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ქვეყანაში ვიმყოფები და აღვნიშნავ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ახალ ტექნოლოგიებში და მივესალმები ასეთ ურთიერთობას ჩვენს ორგანიზაციასთან. ქართველი მეზღვაურები ყოველდღე გვიდასტურებენ, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მე პირველად ვარ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ჩემი ბოლო ვიზიტი“, - განაცხადა არსენიო დომინგესმა.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში არსენიო დომინგესმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, ალექსი ახვლედიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს გამორჩეული მეზღვაურებისა და საზღვაო სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიალში.