2025 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა
2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დეკემბრის თვეში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 7.2% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა.
2025 წლის დეკემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 11.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,134 ერთეულს გაუტოლდა. 2025 წელს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, დამმუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.
2025 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. 2025 წელს ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა და რეკორდული ოდენობა 7.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 2025 წელს 12.5%-ს გაუტოლდა, ხოლო მოცულობამ 3.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
2025 წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 4.7 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
2025 წლის ნოემბერში სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2026-2030 წლებში და საშუალოდ 5.1%-ს შეადგენს.