Loading data...
თბილისში ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის დაფუძნებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 60-მდე ქართული და რუსული კომპანია მონაწილეობდა

თბილისში ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის დაფუძნებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში მომუშავე 60-მდე ქართული და რუსული კომპანია მონაწილეობდა.

ასოციაციის შექმნის მიზანი იმ ბარიერების აღმოფხვრაა, რომლებიც ქართულ და რუსულ კომპანიებს საქართველოში და რუსეთში ექმნებათ, ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობაა.

შეხვედრაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით საექსპორტო ბიზნესში 700 000-მდე ადამიანია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ-რუსული ბიზნესასოციაციის შექმნა და არსებული გამოწვევების აღმოფხვრა ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია.

„რთული მდგომარეობის გამო, ბიზნესმოძრაობა ორ ქვეყანას შორის არის ძალიან გართულებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მიუხედავად სირთულეებისა, ეს საქონელი მაინც მოძრაობს, ვაჭრობა დიდია და სამწუხაროდ, ინსტიტუციურად ამ საკითხს, ამ სირთულეებს ბიზნესმენებს არავინ უგვარებს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, გამოჩნდა პრობლემები, გამოჩნდა, რომ საჭიროა ამ ხალხის მხარდაჭერა და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებაც გაითვალისწინებს“,- განაცხადა ბიზნესმენმა ზაზა ნიშნიანიძემ.

კონფერენციაში მონაწილე ერთ-ერთი ბიზნესმენი მარატი შაიდაევი აცხადებს, რომ მსგავსი ორგანიზაციის შექმნის საჭიროება უკვე დიდი ხანია, არსებობს.

„ქართულ-რუსული ეკონომიკური ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი სახელმწიფოს ცხოვრებაში. ჩვენ ყველა ველით, რომ ძალიან დიდი რაოდენობა იმ პრობლემების, რომლებიც ამ ბიზნესმენებს აკავშირებთ საზღვარს იქით და აქეთ, გადაიჭრება დაარსებული ორგანიზაციის მიერ. ძალიან დიდი ხანი იყო საჭიროება ასეთი ორგანიზაციის შექმნის და როგორც იქნა, ის შეიქმნა. ვფიქრობ, რომ მონაწილეები იქნებიან ორივე მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციას ნათელი მომავალი ექნება“,- განაცხადა შაიდაევმა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა.