საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართულ-გერმანულმა კომპანია „ედელინგმა“ წარმოება განავითარა

საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ-გერმანულმა კომპანია „ედელინგმა“ წარმოება განავითარა.
„ედელინგი“ თხილისა და კაკლოვანი პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს, ამუშავებს და ექსპორტზე გააქვს. გასულ სეზონზე „ედელინგმა” 780 ტონა თხილი გადაამუშავა.
წარმოების გასავითარებლად, საქართველოს ბანკმა 3 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური ინვესტიცია განახორციელა.
„საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა რეგიონებში მასშტაბური პროექტები განხორციელდეს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ. კომპანია ედელინგი ქართულ-გერმანული საწარმოა და ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. აღნიშნული დაფინანსებით კომპანიამ წარმოება გააძლიერა, სამომავლოდ კი უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი ვაგრძელებთ რეგიონებში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.