Loading data...
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პრაქტიკული ციფრული უნარების გასაძლიერებლად კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა.

კურსი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ, გაიგონ:

  • როგორ შექმნან პროფესიონალური ვიზუალური კონტენტი Canva-ს დახმარებით
  • როგორ მოამზადონ სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და სარეკლამო მასალები ერთიანი ვიზუალური სტილით
  • როგორ გააძლიერონ ბრენდის აღქმა ციფრულ არხებში მინიმალური რესურსებით
  • როგორ გამოიყენონ Canva, როგორც ყოველდღიური მარკეტინგული ინსტრუმენტი.

კურსს უძღვება ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი, რომელიც მონაწილეებს Canva-ს გამოყენების შესახებ პრაქტიკულ რჩევებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

„დღეს ციფრულ არხებში ეფექტიანი კომუნიკაცია ბიზნესს კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში ეხმარება. ახალი კურსით გვინდა, მცირე და საშუალო ბიზნესებს გავუზიაროთ მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ პროფესიონალური და ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ბიზნესკურსის პლატფორმის კიდევ უფრო განვითარებას განვაგრძობთ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მარკეტინგის, ფინანსების, გაყიდვებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.