„ვილიარეალში მისი ეპოქა იწყება“ - AS გიორგი მიქაუტაძეზე

გიორგი მიქაუტაძემ სანაკრებო მატჩების შემდეგ „ვილიარეალთან“ ერთად მზადება დაიწყო. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა ესპანურ კლუბში დღეს პირველად ივარჯიშა.
მიქაუტაძის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი სტატიას აქვეყნებს.
„ამ ორშაბათს „ვილიარეალში“ გიორგი მიქაუტაძის ეპოქა დაიწყო. ქართველი თავდამსხმელი გუნდის მთავარი აქტივია ვარჯიშზე დაბრუნების შემდეგ, რადგან პირველად შეხვდა ახალ თანაგუნდელებს და გაეცნო კლუბს.
მიქაუტაძე 31 მილიონ ევროდ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია. ეს იყო ძალისხმევა, რითაც კლუბმა შეტევა გააძლიერა, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ბევრი შემტევი ფეხბურთელი დაკარგა. ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების ორი ოფიციალური მატჩისა და ბულგარეთთან გოლის შემდეგ დაბრუნდა. მან კონტრაქტი 31 აგვისტოს გააფორმა, რათა ეროვნულ ნაკრებში წასულიყო და ყოფილ კლუბთან კონტაქტი აღარ ჰქონოდა. ეს ორშაბათი მისი პირველი დღეა „ვილიარეალში“, ახალ თანაგუნდელებთან და ახალ მწვრთნელთან.
უცნობია, რა გეგმა აქვს მასთან დაკავშირებით მარსელინოს, პირდაპირ ძირითადში დააყენებს თუ დროს მისცემს გუნდთან ადაპტაციისთვის. როგორც არ უნდა იყოს, „ვილიარეალს“ დიდი ხანია არ ჰქონია ასეთი მაღალი მოლოდინი ფეხბურთელის მოსვლასთან დაკავშირებით, რადგან ის ერთ-ერთია, ვისაც კლუბის დინამიკის შეცვლა შეუძლია“, - წერს AS-ი.