Loading data...
„უნიკალურია, წარმოუდგენელი ნიჭი აქვს, მაგრამ ისიც ადამიანია“ - ტოტენჰემის მწვრთნელი კვარაცხელიაზე

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ფრანკმა ევროპის სუპერთასზე „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მან ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უნიკალური ფეხბურთელია.

„ეს ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენება გვსურს, დიდ ზეწოლას არ ვგრძნობ. მხოლოდ ამ თამაშზე არ ვემზადებოდით, არამედ მთელი სეზონისთვის დაცვაზე და შეტევაზე ვიმუშავეთ. ვეთამაშებით ფენომენალურ გუნდს, რაც კარგად ვიცით. უდოჯი ემზადება და საუკეთესო ფორმას უბრუნდება, ხოლო ბისუმა დისციპლინური დარღვევის გამო არ ითამაშებს.

კვარაცხელია? ის უნიკალურია, წარმოუდგენელი ნიჭი აქვს, იცის ბურთის ფლობა, ვიცნობთ „ნაპოლიდან“, საქართველოს ნაკრებიდან და პსჟ-დან. თუმცა ადამიანია, გვაქვს კარგი სტრატეგია და შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს მის შესაჩერებლად. თუმცა, ამის ბოლომდე გაკეთება შეუძლებელია.

პსჟ-ს ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა და ისევ ფორმაშია. ცოტა დაისვენეს კიდეც. ისინი ჩვენზე ნაკლები დროა, რაც ემზადებიან, მაგრამ ასეთ რამეებს ყოველთვის აქვთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

ბისუმა ვარჯიშებზე ხშირად აგვიანებდა, მაგრამ ამჯერად გადააჭარბა. უნდა გიყვარდეს თანაგუნდელები და დისციპლინა. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს, ნამდვილად მზად ვართ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და ფორმაში ვიყოთ, როგორც ხვალ, ისე სეზონის დასაწყისში“, - განაცხადა ფრანკმა.

მატჩამდე კომენტარი გააკეთა „ტოტენჰემის“ იტალიელმა მეკარემ გულიელმო ვიკარიომ, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ტიტულის მოსაგებად:

„ნამდვილად ჩემთვის ემოციური დღეა, რადგან მშობლიურ ქალაქში ვითამაშებ, მაგრამ ეს ჩაცხრება და მოედანზე მოსაგებად გავალთ. გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვარ, თუმცა ბევრი რჩევა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დონარუმა? ის იტალიის ნაკრებში ჩემი კაპიტანია, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ეს სიტუაცია მისი და კლუბის გასარკვევია, ჯიჯოს საუკეთესოს ვუსურვებ. შარშან ტიტული მოვიგეთ და ახლაც გვინდა ამის გაკეთება. პსჟ-ს ვხვდებით, ჩვენ ჯადოქრები არ ვართ, არ არსებობს გამარჯვების ზუსტი რეცეპტი. უნდა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია. თომას ფრანკის მუშაობის გვჯერა და ყოველთვის მაქსიმუმი უნდა დავისახოთ.

პსჟ? ვიცით, რომ პსჟ ძალიან ძლიერია, არა მხოლოდ შეტევაში. რაც მათ გასულ სეზონში გააკეთეს, წარმოუდგენელი იყო. ჩვენს გუნდზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, ყველა გვჭირდება, გულშემატკივრებიც. ფრანკის მოსვლით გუნდში რაღაც შეიცვალა, მიდგომა ცოტა განსხვავებულია“, - აღნიშნა ვიკარიომ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.