UFC 331 - ჭიკაძე, ცარუკიანი და საჩემპიონო ბრძოლა უმსუბუქეს დივიზიონში
20 სექტემბერს, 01:00 საათიდან ლოს ანჯელესში გაიმართება UFC 331, სადაც არაერთი საინტერესო ბრძოლა შედგება. განვიხილოთ, ამ ივენთის მთავარი დუელები.
გიგა ჭიკაძე VS ჟოანდერსონ ბრიტო
ორივე მებრძოლისთვის ეს არის პრინციპული ბრძოლა თავისი ადგილის გასამყარებლად და გამარჯვებების გზაზე დასაბრუნებლად. პირველ რიგში ეს ითქმის ჭიკაძეზე, რომელმაც მიყოლებით 3 ჩხუბი წააგო. ვეტერანი მებრძოლის უკანასკნელი მოგება თარიღდება 2023-ის აგვისტოთი, როცა ქართველმა სტრაიკერმა ალექს კასერესს აჯობა.
იმ ბრძოლის შემდეგ, გიგამ ვერაფერი დაუპირისპირა არნოლდ ალენს, დევიდ ონამასა და კევინ ვალეხოსს. რაც შეეხება ბრიტოსთან დაპირისპირებას, "ნინძა" კვლავ თავის მთავარ იარაღს, უმაღლესი დონის კიკბოქსინგს დაეყრდნობა. თუ ჩხუბი ფეხზე წარიმართება, მისი ტექნიკური უნარები და სიმაღლეში/წვდომაში უპირატესობა გადამწყვეტი იქნება.
ბრაზილიელი ცნობილია თავისი ფეთქებადი ხასიათითა და ბრძოლის დროზე ადრე დასრულების უნარით, განსაკუთრებით პარტერში უპირატესობითა და ძლიერი დარტყმებით. ჟოანდერსონის მთავარი ამოცანა იქნება დისტანციის ჩახშობა, კლინჩი და ჩხუბის მიწაზე გადაყვანა, სადაც მის 38 წლის მოწინააღმდეგეს სიფრთხილე მართებს.

არმან ცარუკიანი VS მაურისიო რუფი
ცარუკიანისთვის ეს ბრძოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე პოზიციების გასამყარებლად, ხოლო რუფისთვის ეს არის შანსი და უზარმაზარი ნახტომი 70 კილოგრამ წონითი დივიზიონის ელიტაში დასამკვიდრებლად. ბრაზილიელმა მებრძოლმა უკვე შექმნა ამის წინაპირობა, როცა მიმდინარე წელს მაიკლ ჩენდლერსა და რაფაელ ფიზიევს მოუგო.
რაც შეეხება ბრძოლის სავარაუდო სცენარს, სომეხი ვარსკვლავი ცნობილია თავისი უმაღლესი დონის ჭიდაობით, ფიზიკური ძალითა და პარტერში მუშაობის წარმოუდგენელი ტემპით. მე-2 მხრივ, მაურისიო არის სახიფათო, არასტანდარტული და ძლიერი სტრაიკერი, რომელსაც 1 ზუსტი დარტყმით შეუძლია ყველაფრის შეცვლა.
არმანისთვის მთავარი ამოცანა იქნება დისტანციის შემოკლება, ბრძოლის პარტერში გადაყვანა და იქ კონტროლის დაწესება, რათა სანტოსის სახიფათო დარტყმები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. თავად რუფი ყველანაირად ეცდება პოზიციის დგომში შენარჩუნებასა და "ახალქალაქელის" შეტევების მკაცრი პრესინგით ან ნოკაუტით დასრულებას.

ალეშანდრე პანტოჟა VS ჯოშუა ვენი
მათი პირველი ბრძოლა ძალიან დრამატულად და მოულოდნელად დასრულდა, 26 წამში, რა დროსაც პანტოჟამ ტრავმა მიიღო, რის გამოც გამარჯვება და ქამარი ვენს ხვდა წილად. ბრაზილიელი ექსჩემპიონი ბრუნდება, რათა დაამტკიცოს, რომ 57 წონით კილოგრამ დივიზიონში საუკეთესო სწორედ ისაა.
მიანმარელი ჩემპიონისთვის კი მთავარი მოტივაცია იქნება იმის დამტკიცება, რომ მწვერვალზე დამსახურებულად იმყოფება. ის გამოირჩევა მაღალი სისწრაფით, შესანიშნავი სტრაიკინგითა და დაუნდობელი ტემპით. რას დაუპირისპირებს ამ ყველაფერს ალეშანდრე? უმაღლესი დონის ჯიუ-ჯიცუს, აგრესიული წნეხსა და გრეპლინგს.

