უეფას განცხადებით, „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოიძიებენ
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (უეფა) ევროპა ლიგის შეხვედრებზე - „მარსელსა“ და სოფიის „ლევსკის“, ასევე, „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
უეფა ძალადობის ფაქტებს მკაცრად გმობს და აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ იუწყება.
„უეფა მკაცრად გმობს ძალადობისა და არეულობის მძიმე შემთხვევებს, მათ შორის სტადიონის შიგნით გულშემატკივრების მონაწილეობით მომხდარ დაპირისპირებებს, რომლებიც 2026 წლის 26 ნოემბერს ევროპა ლიგის მატჩების დროს მოხდა.
ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციული, დისკრიმინაციული თუ ექსტრემისტული ქცევის ადგილი ფეხბურთში არ არის. უეფას ტურნირები პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხოების პრინციპებს ეფუძნება.
აღნიშნულ მატჩებზე განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და უეფას წესდებით განსაზღვრულ მიზანს, რომელიც საფეხბურთო მატჩების მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით ჩატარებას გულისხმობს.
უეფამ ეთიკისა და დისციპლინური საკითხების ინსპექტორები დანიშნა, რომლებიც ინციდენტებთან დაკავშირებით დისციპლინურ გამოძიებას ჩაატარებენ და უეფას მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების დასადგენად ყველა ხელმისაწვდომ მტკიცებულებას შეისწავლიან.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, - წერია უეფას განცხადებაში.