Loading data...
UEFA: საქართველოს გარღვევა წლების განმავლობაში განვითარებას ეფუძნება

საქართველოს გარღვევა წლების განმავლობაში განვითარებას ეფუძნება, - ასე ეხმაურება ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA) საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ „უეფას“ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ ისტორია დაწერა და მსხვილ ტურნირზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა. ეს არის უახლესი მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც საქართველომ უეფას დახმარებითა და თამაშის განვითარების სტრატეგიის გამოყენებით მიაღწია.

„თბილისში, მოედანზე ზეიმის აღნიშვნა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებსა და ათასობით გულშემატკივარს აერთიანებდა, ამ მიღწევის სიდიდეს კარგად გამოხატავს. ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტმა დარტყმამ  საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვება მოუტანა და უეფას ევრო 2024-ზე F ჯგუფში ჩეხეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან ერთად იასპარეზებს.

ზოგისთვის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოხვედრა სიურპრიზია, თუმცა ისინი, ვინც ქართულ ფეხბურთს ახლოდან აკვირდებიან, აღნიშნავენ, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე მათი ყოფნა დიდი ხანია, მოსალოდნელი იყო.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საქართველოს ამბიციური ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან წლების განმავლობაში ფეხბურთის განვითარების, დაგეგმვისა და ინოვაციების კულმინაციაა. ამ ფედერაციამ თავისი მუშაობის პარალელურად არაერთხელ გამოიყენა უეფას მხარდაჭერა საკუთარი გავლენის გასაზრდელად.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ერთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024/25 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველო B დივიზიონში იასპარეზებს და კიდევ უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ მოსინჯავს საკუთარ ძალებს. საქართველოს წინსვლას ადასტურებს 2022/23 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში მათი ორი გამარჯვება ჩრდილოეთ მაკედონიასთან - გუნდთან, რომელმაც საქართველოს ევრო 2020-ზე მოხვედრის საშუალება არ მისცა“, - წერს UEFA-ს ვებგვერდი.

ამასთანავე, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყენებს შესაძლებლობებს და მასპინძლობს ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს, რათა გაზარდოს ინტერესი და საკუთარ გუნდებს მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინოს.

„2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, ფინალს კი 25 000 ადამიანი დაესწრო. 2023 წელს საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, რა დროსაც საქართველოში გამართულ მატჩებს საერთო ჯამში რეკორდული რაოდენობა - 316 023 ადამიანი დაესწრო.

გასული ათწლეულის განმავლობაში სფფ-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფეხბურთის პოპულარობის გაზრდა იყო და ამაში მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 2015-დან 2021 წლამდე საქართველოში რეგისტრირებული მამრობითი სქესის ფეხბურთელების რაოდენობა 14 676-დან 37 600-მდე გაიზარდა, ხოლო მდედრობითი სქესის ფეხბურთელების რაოდენობა ათზე მეტჯერ გაიზარდა“, - აღნიშნულია UEFA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.