Loading data...
UEFA იმუქრება, რომ კერძო ხელში მსოფლიო ჩემპიონატის გადაცემის შემთხვევაში FIFA-ს ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებს

ევროპული ფეხბურთის ასოციაციათა კავშირი (UEFA) იმუქრება, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტთან, ჯანი ინფანტინოსთან ის მაქსიმალური ესკალაციის გზით იმოქმედებს. ევროპის 55 ნაციონალური ასოციაციის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თუ ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის უფლებების ნაწილს კერძო ინვესტორებს მიყიდის, UEFA FIFA-ს ყველა ტურნირს ბოიკოტს გამოუცხადებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

UEFA და მისი 55 მონაწილე ერთიანი ფრონტით გამოდიან. „ჩვენ ერთხმად და არაორაზროვნად უარვყოფთ FIFA-ს წინადადებას, რომლის მიხედვით მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა ტურნირების უფლებების ნაწილი კერძო ინვესტორებს გადაეცემა“, - წერია UEFA-ს განცხადებაში. ევროპული ფეხბურთის ასოციაციათა კავშირი აცხადებს, რომ მსოფლიო საფეხბურთო პირველობა არ არის საინვესტიციო პროდუქტი და ეს ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი მემკვიდრეობაა.

„მრავალი თაობის მანძილზე მას ქმნიდნენ მოთამაშეები, სხვადასხვა ეროვნული ნაკრები და ყველა კონტინენტის გულშემატკივრები. მისი არც ერთი ნაწილი კერძო ინვესტორს არ უნდა გადაეცეს, მსოფლიო ჩემპიონატი არ იყიდება“, აცხადებენ UEFA-ში.

ევროპის საფეხბურთო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპის ნაკრებები ტურნირებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ FIFA ამ წინადადებას სრულად გაიწვევს. ასევე UEFA FIFA-სგან მოითხოვს, რომ წარმოადგინოს იურიდიული გარანტიები იმის შესახებ, რომ ეს ორგანიზაცია არასოდეს დაუშვებს კერძო მფლობელების მონაწილეობას FIFA- ს ტურნირების მართვაში.

გერმანული გამოცემის, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, FIFA და მისი პრეზიდენტი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის წილის გაყიდვის საკითხით აქტიურად არიან დაკავებულები. ჯანი ინფანტინომ FIFA- ს წევრ ასოციაციებს ამ გარიგების დადების ბოლო ვადა - 19 სექტემბერი განუსაზღვრა. ის საფეხბურთო ასოციაციებს დიდ შემოსავალს  და მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებას ჰპირდება. დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად FIFA-ს წევრთა უბრალო უმრავლესობა არის აუცილებელი.

ამ გეგმის კრიტიკოსები ჯანი ინფანტინოს და მის გარემოცვას ფულადი მოგების მიღების მცდელობაში ადანაშაულებენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის და მსოფლიო საკლუბო პირველობის ჩატარებას საკუთარ თავზე აიღებს, დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან არის დაკავშირებული