Loading data...
თორნიკე შენგელია: მართლაც გიჟური თამაში იყო, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ალბათ, საუკეთესო მატჩია, რაც ეროვნულ ნაკრებში დღემდე ჩაგვიტარებია

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთთან მატჩის (91:89) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მან რეკორდი დაამყარა - 37 ქულა. ერთ მატჩში ასე შედეგიანად საქართველოს ნაკრებში არავის უთამაშია, მაიკლ დიქსონის და ზაზა ფაჩულიას მიღწევა მოხსნა (36-36 ქულა). თუმცა, თორნიკე, რომელმაც მხოლოდ 29 წამი დაისვენა, არ ფიქრობს, რომ ეს გამარჯვება მისი დამსახურებაა.

„მართლაც გიჟური თამაში იყო. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ალბათ, საუკეთესო მატჩია, რაც ეროვნულ ნაკრებში დღემდე ჩაგვიტარებია. შეხვედრა ცოტა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერთ მომენტში 22 ქულითაც კი ვაგებდით, მაინც გვქონდა განცდა, რომ ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. ბიჭებს ვუთხარი: ანგარიშს ნუ უყურებთ, დაივიწყეთ შედეგი და უბრალოდ იბრძოლეთ. არ დავნებდით, ეს ჩვენი დნმ-ია, ეს ჩვენს სისხლშია.

ჩვენი ხასიათის ხარჯზე მოვიგეთ. მიუხედავად იმისა, რომ 22 ქულით ვაგებდით, რწმენა არ დაგვიკარგავს, ფარ-ხმალი არ დაგვიყრია, ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენი ხალხის წინაშე თამაშს - როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, მაშინ მოგვცეს ენერგია და ძალიან დიდი მადლობა ჩემი და გუნდის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ წინა თამაში წავაგეთ, დღევანდელი დღე ახალი დღე იყო და სრულიად ახალი მატჩი. წინა შეხვედრიდან ბევრი რამ ვისწავლეთ, ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ და დღეს მათი გამოსწორება ვცადეთ.

ჩვენთვის მთავარი გუნდის ქიმია და ერთიანობაა. მატჩის წინ ბიჭებს ფაქტობრივად მხოლოდ ერთი რამ ვუთხარი - ისიამოვნეთ თამაშით. ვგრძნობდი, რომ ცოტა დაძაბულები ვიყავით და საკუთარ თავზე ზედმეტ ზეწოლას ვახდენდით. ყველანი ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანები ვართ და ზოგჯერ საკუთარ თავს ზედმეტ პასუხისმგებლობასაც ვაკისრებთ, რაც ხელს გვიშლის. ამიტომ ვუთხარი: უბრალოდ სიამოვნება მივიღოთ, ერთმანეთისთვის ვითამაშოთ, ერთმანეთის წარმატება გვიხაროდეს და თავისუფლად ვითამაშოთ. ვფიქრობ, დღეს ნამდვილად შევძელით თამაშით სიამოვნების მიღება.

ისეთი თამაშები, როგორიც უკრაინასთან გვქონდა, სპორტში ხდება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მაგრამ გუნდის ხასიათი სწორედ იმით განისაზღვრება, როგორ რეაგირებს ასეთი მარცხის შემდეგ. ვფიქრობ, ყველამ ნახა, როგორ ვუპასუხეთ ამ გამოწვევას. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით და ასევე ჩვენი სამწვრთნელო შტაბით. მწვრთნელმა შესანიშნავი სამუშაო გასწია და მატჩისთვის იდეალურად მოგვამზადა. ადვილი არ არის, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ მოსამზადებლად მხოლოდ 48 საათი გაქვს.

ზუსტად შევასრულეთ დასახული გეგმა და შედეგიც სწორედ ამიტომ მივიღეთ. არასდროს ვყოფილვარ პერსონალური რეკორდების. დღეს არაფერი გამიკეთებია ისეთი, რასაც გუნდელების ან მწვრთნელების გარეშე გავაკეთებდი. ეს არის გუნდური სპორტი, დღეს მე აღმოვჩნდი ამ პოზიციაზე. გახარებული ვარ, რომ რეკორდი მოიხსნა, მაგრამ ჩემი სურვილია, როცა ამ რეკორდს ახსენებენ, მთელ გუნდზე იყოს საუბარი და არა მარტო ჩემზე“, - განაცხადა შენგელიამ.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი 3 გამარჯვებით და 3 მარცხით მესამე ადგილზე დაასრულა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ეს შედეგები გუნდს გადაჰყვება, ისევე, როგროც ესპანეთს (5-1) და უკრაინას (4-2). ისინი მეორე ეტაპზე ერთმანეთს არ შეხვდებიან, სამაგიეროდ, სამი ახალი მეტოქე ეყოლებათ.