Loading data...
The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტი Football Weekly: კარგი იქნება, თუ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვინმეს გააგზავნის საქართველოში, რათა შეისწავლონ ის, რაც ქართველებმა გააკეთეს, რადგან ქართველები ყველაფერს სწორად აკეთებენ

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტ Football Weekly-ში ბრიტანელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე ისტორიული გასვლა განიხილეს.

პოდკასტის წამყვანმა, ჟურნალისტმა მაქს რაშდენმა და მისმა სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მიღწევა გრანდიოზულია. ჟურნალისტების თქმით, 2015 წელს საქართველოს ნაკრები მძიმე მდგომარეობაში იყო და FIFA-ს რეიტინგში დაახლოებით 150-ე ადგილს იკავებდა.

პოდკასტის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ის გზა, რომლითაც საქართველომ შედარებით მოკლე დროში სიტუაცია შემოატრიალა, ფანტასტიკურია.

„მათ ნამდვილად ბევრი იმუშავეს და დიდი ინვესტიცია განახორციელეს, შექმნეს ახალგაზრდული სისტემა”, - აღნიშნეს პოდკასტში.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას ურჩიეს, საქართველოში ვინმე გაგზავნონ, რათა ამ მხრივ ქვეყნის გამოცდილება შეისწავლონ.

„ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვინმეს გააგზავნის საქართველოში, რათა შეისწავლონ ის, რაც მათ [ქართველებმა] გააკეთეს და შეეცადონ იგივე განახორციელონ ირლანდიაში, რადგან ისინი [ქართველები] ყველაფერს აკეთებენ სწორად და ირლანდია ყველაფერს არასწორად აკეთებს. საქართველო ევროზე მიდის, ხოლო ირლანდია - არა”, - განაცხადა პოდკასტის მონაწილე ბრიტანელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.