Loading data...
The Athletic: ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, ალისონი უფრო მეტ თამაშს გამოტოვებს, ვიდრე თავიდან ეგონათ

„ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ბრაზილიელი მოედანზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს. ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.

ალისონმა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება „გალათასარაის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო და მოედანი 56-ე წუთზე დატოვა. მის ნაცვლად კარში გიორგი მამარდაშვილი ჩადგა. ვარაუდობდნენ, რომ ის ვარჯიშის განახლებას ოქტომბერშივე შეძლებდა.

გამოცემის ცნობით, ბრაზილიელი მეკარე რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩს გამოტოვებს, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედთან“, „რეალ მადრიდთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“. სავარაუდოდ, ამ შეხვედრებში „ლივერპულის“ კარს საქართველოს ნაკრების მეკარე დაიცავს.

დიდი ალბათობით, მამარდაშვილის დებიუტი ინგლისის პრემიერლიგაში 4 ოქტომბერს „ჩელსის“ წინააღმდეგ შედგება.