თემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
„ფეხბურთში შემთხვევით არაფერი ხდება. შესაძლოა, შემთხვევით ერთი გოლი გაიტანო, მაგრამ „ბარსელონას“ ორ თამაშში შვიდი გოლი გაუტანა, გამოდის, რომ „ინტერი“ სერიოზული გუნდია.
ამიტომ ვფიქრობ, „პსჟ“-ისა და „ინტერის“ ფინალი სერიოზული და მძიმე თამაში იქნება. ყველას გვიხარია, რომ ხვიჩა თამაშობს პსჟ-ში, რომელსაც კარგი დასაწყისი არ ჰქონია, მაგრამ შეკრული გუნდია და წინა წლებივით მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არაა დამოკიდებული.
გამოჩნდა, რომ ხვიჩას „პსჟ“-ში გადასვლა გამართლებული იყო. მას ამ გუნდში ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაში გარანტირებული აქვს. „ნაპოლი“ კი ერთ წელს რომ ჩემპიონი გახდა, მეორე სეზონში საერთოდ ევროტურნირზე ვერ გავიდა.
კარგია, რომ მეორე ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალს თამაშობს. მანამდე კახი კალაძე იყო, რომელმაც ტურნირი ორჯერ მოიგო. ველოდებით, რომ ამ თამაშს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული გვეყოლება.
მწვრთნელი ენდობა, სულ ათამაშებს. ხან მარჯვნიდან და ხან მარცხნიდან, დაცვასაც ეხმარება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ამაზე გავაკეთე აქცენტი, რომ ლუის ენრიკეს კარგი გუნდი ჰყავს“, - აცხადებს თემურ ქეცბაია.