თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა

თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი, ნუკრი რევიშვილი და ლევან კობიაშვილი ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ. გულშემატკივარი ტრიბუნებს ეტაპობრივად ემატებოდა და შესვენებამდე სტადიონი გაივსო.
მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ გუნდების მეკარეები და მცველები. პირველი გოლი რონალდინიოს გადაცემით ლიტმანენმა გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირა.
ანგარიში 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა, ალექსანდრე იაშვილის პასის შემდეგ გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა. ესპანური ფეხბურთის გრანდის ლეგენდებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს, გოლი ხავიერ სავიოლას ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში „ბარსელონა“ წინ სორიანომ გაიყვანა, მან გოლი მატჩის 54-ე წუთზე გაიტანა. საქართველოს ნაკრების მხრიდან კი განსაკუთრებით აქტიური ლევან ყენია იყო, რომელიც ესპანელებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.
72-ე წუთზე „ბარსელონას“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი არგენტინელმა ხავიერ სავიოლამ გაიტანა.
ამის შემდეგ უფრო გააქტიურდა რონალდინიო, თუმცა მის წინააღმდეგ საიმედოდ თამაშობდა საქართველოს ნაკრების ცენტალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი.
წინასწარი შეთანხმებით, მთავარმა არბიტრმა მატჩი 85-ე წუთზე დაასრულა. მანამდე, მე-80 წუთზე მოედანი რონალდინიომ დატოვა, რომელიც მაყურებელმა აპლოდისმენტებით გააცილა.