Loading data...
„შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ თავისი კვალი დატოვოს“ - Anfieldwatch მამარდაშვილზე

4 ოქტომბერს „ლივერპული“ პრემიერლიგის მე-7 ტურში „სტენფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ ესტუმრება. არნე სლოტის გუნდმა ჯერ „კრისტალ პალასთან“ წააგო, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თურქულ „გალათასარაისთან“ დამარცხდა.

მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით წერს „მერსესაიდული“ გამოცემა anfieldwatch-ი და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

გამოცემა, ასევე, შეეხო გიორგი მამარდაშვილის საკითხს, რომელიც დიდი ალბათობით „ჩელსისთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება, რადგან ბრაზილიელმა ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო.

„არნე სლოტი „ელსისთან“ მატჩში ცვლილებებს განახორციელებს, რადგან ბოლო შეხვედრებიდან გამომდინარე ეს საჭიროა. ყველაზე მოსალოდნელი ცვლილება გიორგი მამარდაშვილის ძირითადში ყოფნა იქნება. ალისონმა „გალათასარაისთან“ მატჩში ტრავმა მიიღო და თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ თამაშს ვერ შეძლებს. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „ლივერპულს“ მამარდაშვილის სახით მსოფლიო დონის შემცვლელი ჰყავს.

მამარდაშვილი გასულ წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარისთვის ლევ იაშინის ჯილდოზე იყო წარდგენილი. ის უკვე დიდი ხანია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ ითვლება. ახლა კი, საბოლოოდ, პრემიერ ლიგაში გამოჩნდება და ეს მისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ თავისი კვალი დატოვოს“,- წერს გამოცემა.