Loading data...
„საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“ - AS გიორგი მიქაუტაძის სადებიუტო სეზონზე

ესპანეთში გიორგი მიქაუტაძის პირველ სეზონს წარმატებულად აფასებს ავტორიტეტული ადგილობრივი გამოცემა AS-ი.

„მიქაუტაძე, საუკეთესო ჯერ წინაა. თავდამსხმელმა საადაპტაციო სეზონში ჩემპიონატი მშვენიერი შედეგიანობით დაასრულა.

გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (15 გოლი ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე). ამას გარდა, გოლებითა და საგოლე პასებით ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ლიგაში. ამის გამო, ვილიარეალში მიიჩნევენ, რომ მიქაუტაძის საუკეთესო წლები წინ არის, რადგან ახლახან დასრულებული სეზონი მისთვის მაინც ადაპტაციის წელი იყო.

30 მილიონ ევროდ ნაყიდ მიქაუტაძეს სეზონის დასაწყისში თამაშზე ის გავლენა არ ჰქონდა, რასაც ელოდნენ, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი გაუშინაურდა გუნდს და მას თავდასხმაში მეტი შესაძლებლობა გაუჩინა. სწორედ ამიტომ, დაბეჯითებით შეიძლება თქმა, რომ მიქაუტაძემ წელსვე აჩვენა, რა შეუძლია.

თავდამსხმელმა ლიგაში 19 გოლში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 13 თავად გაიტანა, 6-ჯერ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს თითქმის მეოთხედია ვილიარეალის გოლებისა ჩემპიონატში. ლა ლიგაში გატანილი 13 გოლი (პლუს 2 გოლი ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში) მას ვილიარეალის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს. თანაც, ამ მაჩვენებელს მან ისე მიაღწია, არცერთი პენალტი ან საჯარიმო დარტყმა შეუსრულებია“, - წერს გამოცემა.