Loading data...
სალვატორე ბანი კვარაცხელიაზე: სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელიც სახიფათოა მაშინაც, როცა მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, რომ არ გაეყიდათ, „ნაპოლი“ პირველ ადგილზე იქნებოდა

„ნაპოლის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ გუნდს რომ არ გაეყიდა, სერია A-ს სატურნირო ცხრილში ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.

„კვარას გაყიდვა სატრანსფერო ბაზრის დინამიკაა და ამაში არ ჩავერევი, უბრალოდ წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა „ნაპოლი“ მასთან ერთად. ვუყურე პსჟ - „ლივერპულის“ ორივე მატჩს და ვნახე სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელიც სახიფათოა მაშინაც, როცა მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. მან შესანიშნავი გოლიც გაიტანა, რომელიც ძალიან მცირე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

კვარა „ნაპოლის“ ჯერ კიდევ მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია, მიუხედავად იმისა, რომ ორ თვეზე მეტია გუნდიდან წავიდა. არ ვამბობ, რომ „ნაპოლი“ მასთან ერთად აუცილებლად მოიგებდა სკუდეტოს, მაგრამ რა თქმა უნდა, შეეძლო პირველი ადგილის დაკავება“, - განაცხადა ბანიმ, რომელმაც „ნაპოლიში“ სკუდეტო 1986-1987 წლების სეზონში მოიგო.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ“-ს „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეუერთდა. მან იტალიური კლუბის მაისურით სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე 14 თამაშში თავი 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.