Loading data...
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში ფინეთი დამაჯერებლად დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ამჯერად ფინეთის ნაკრები უკვე შინ დაამარცხა და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

როგორც ფინეთში, დღესაც შეხვედრა მეტოქის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი პერიოდი მოიგო, მაგრამ მეთოდურად საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა სათამაშო უპირატესობა, რაც ანგარიშშიც აისახა. პირველად ჯიკიჩის გუნდი ტაიმის მიწურულს დაწინაურდა, მესამე პერიოდიდან კი, ფინეთის ნაკრები უკვე ყოველთვის მდევრის როლში იყო.

გარდამტეხი გამოდგა მეოთხე პერიოდის საწყისი 4 წუთი, როცა საქართველოს ნაკრებმა 8:0 გაქცევა მოაწყო და სტუმრებმა თამაშში დაბრუნება ამის შემდეგ ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 17 ქულით აჯობა - 81:64.

საქართველოს ნაკრებში ისევ შესანიშნავად ითამაშეს თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდუინმა, რომლებიც უბრალოდ შეუჩერებელნი იყვნენ.

ამერიკელმა ლეგიონერმა, რომელმაც თბილისში პირველად ითამაშა, 37 წუთში 22 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მან 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა!

თორნიკე შენგელიამ 35 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. კაპიტანმა 13-დან 9 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29 იყო.

საქართველოს ნაკრებში ქულები ასევე მოიპოვეს დუდა სანაძემ (12), ბექა ბურჯანაძემ (9), რატი ანდრონიკაშვილმა (6), გიორგი შერმადინმა (5) და ალექსანდრე ფევაძემ (2).

ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 2 მოგება და 2 მარცხი აქვს, წინ კიდევ ორი ტურია, მომდევნო მატჩი კი, გადამწყვეტი იქნება, თბილისში დანიის ნაკრებთან. ეს შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება.

საქართველო - ფინეთი 81:64 (17:21, 21:19, 17:13, 26:11)