საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე გამარჯვება კვიპროსთან შეხვედრაში მოიპოვა

ოთხი მატჩი, ორი მოგება – ასეთია საქართველოს ნაკრების შედეგი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ოთხი ტურის შემდეგ. მეორე მოგება ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მასპინძელ კვიპროსთან მოიპოვა – 93:61. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევრობასკეტების ისტორიაში აქამდე მსგავსი ქულათა სხვაობით არ მოუგია.
კვიპროსის ნაკრებს აქამდე სამივე მატჩი ჰქონდა წაგებული და დიდი იყო ალბათობა, რომ ვერც საქართველოსთან მოიგებდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა თავიდანვე დაყო მატჩები სტატუსის მიხედვით – მოსაგებ თამაშებად და შეხვედრებად, სადაც თავის დაზოგვა შეიძლება.
მოსაგები მატჩები იყო ესპანეთთან, იტალიასთან, კვიპროსსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. ესპანეთთან გუნდმა მიზანს მიაღწია, იტალიასთან მეორე ტაიმში დამარცხდა, ხოლო საბერძნეთთან მწვრთნელმა ლიდერები – გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია დაასვენა. გაიმარჯვა მეტოქემ.
კვიპროსთან ყველა გუნდმა 2 ქულა ჩაიწერა და საქართველოსაც იგივე უნდა გაეკეთებინა. კუნძულელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ საქართველოს გაცილებით ძლიერ ნაკრებთან არაფერი გამოუვიდათ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, მან კვიპროსის წინააღმდეგ 27 ქულას, 4 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. „ბარსელონას“ კალათბურთელმა თამაშიდან მეტოქის ფარს 14-ჯერ შეუტია, საიდანაც 10 ტყორცნა ზუსტი იყო (5-დან 5 სამქულიანი), მან ასევე 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. 21 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა გოგა ბითაძემ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი კი ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაა, რომელიც ჯგუფიდან გასვლის საკითხში თავიდანვე საქართველოს უშუალო კონკურენტი იყო. ეს შეხვედრა 4 სექტემბერს გაიმართება, 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.