საქართველო-უკრაინის მატჩზე „ტრაბზონსპორის“ მწვრთნელი 2 ქართველ მოთამაშეს დააკვირდება - თურქული მედია
16 ნოემბერს, ბათუმი არენაზე საქართველოსა და უკრაინის შეხვედრას დაესწრება „ტრაბზონსპორის“ მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში, რომელსაც საკუთარი გუნდის გაძლიერება აქვს განზრახული. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
არსებული ცნობით, იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც გიუნეში ყურადღებით დააკვირდება, არიან საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი, შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი და ასევე უკრაინელთა ნახევარმცველი მიკოლა შაპარენკო.
„ამ მოთამაშეების გარდა, თავისი მოთხოვნების შესაბამისად, გიუნეში სიაში ასევე დაამატებს სხვა გამორჩეულ სახელებს. გიუნეში შეაფასებს ამ ფეხბურთელების შესაბამისობას „ ტრაბზონსპორის“ საჭიროებებთან მიმართებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც თურქულ მედიაში იწერება, დვალის ფიზიკური სიძლიერე დაცვაში და კიტეიშვილის სათამაშო ინტელექტი თუ ტექნიკური შესაძლებლობები შეტევაში ის მახასიათებლებია, რაც შეიძლება დაეხმაროს „ტრაბზონსპორის“ შემადგენლობას.