„სადებიუტო გოლის გატანა მეჩქარება“ - ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნის“ ოფიციალურ გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა
გასულ კვირას „კიოლნის“ მაისურით ლუკა ლოჩოშვილმა გერმანიის ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩი გამართა, მისმა გუნდმა კი საკუთარ მოედანზე ჰოფენჰაიმი“ 3:2 დაამარცხა. ლუკამ მატჩი ძირითადში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.
სადებიუტო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა „კიოლნის“ ოფიციალურ გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ კლუბში თავს ბედნიერად გრზონობს და უნდა სადებიუტო გოლი რაც შეიძლება მალე გაიტანოს.
ლუკა, გასულ უქმეებზე პირველად ითამაშე 50 000 გულშემატკივრის წინაშე „რაინ-ენერგიე-შტადიონზე“. როგორ განიცადე ეს მატჩი?
„ეს დაუჯერებელი გამოცდილება იყო. ძალიან მომწონს ეს სტადიონი და ატმოსფერო ფანტასტიკური იყო. თამაშიც ძალიან საინტერესო გამოდგა. გარედანაც საინტერესო იქნებოდა მისი ყურება. შემდეგ კი შეხვედრის შემოტრიალებაც შევძელით, ყველაფერი იდეალურად დაემთხვა“.
ბევრ მოწინააღმდეგე ფეხბურთელს არ მოსწონს კიოლნში თამაში, რადგან გულშემატკივრები გუნდისთვის დიდი უპირატესობას ქმნიან. შაბათს მათ თქვენც დამატებითი ენერგია მოგცეს?
„ვფიქრობ, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე ჩვენს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. გულშემატკივრებმა მეორე ტაიმში ნამდვილად მოგვცეს დამატებითი ენერგია. ამის წყალობით მეტოქის საკუთარ ნახევარზე უფრო მეტად შევავიწროეთ. გაშვებული გოლის შემდეგაც მათ ძალიან კარგად მოახდინეს რეაგირება და მაშინვე ისევ წინ წაგვაქეზეს. ბავშვობაში ფეხბურთის თამაშს ყველა სწორედ იმისთვის ვიწყებთ, რომ ოდესმე ასეთ ატმოსფეროში ვითამაშოთ“.
პირველი გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყავი. ტრიბუნიდან ჩანდა, თითქოს ბურთი კარში უნდა შესულიყო. შენ როგორ დაინახე ეს ეპიზოდი?
„მართლა სულ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. ძალიან მინდოდა გოლის გატანა, მაგრამ სამი ქულა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მინდა, რაც შეიძლება მალე გავიტანო ჩემი პირველი გოლი. ველაზე მეტად კი საშინაო მატჩში ვისურვებდი ამას. მინდა, მთელ სტადიონთან ერთად ვიზეიმო“.
მეორე ტაიმში ბოლო კაცის რანგში მნიშვნელოვანი ვარდნაც გააკეთე. მცველისთვის ასეთი მომენტი გოლზე უფრო სასიამოვნოა?
„მცველისთვის ასეთი მომენტები ნამდვილად მნიშვნელოვანია. თან ეს თამაშის გადამწყვეტ ფაზაში მოხდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ყველაფერი გამომივიდა და ამით გუნდს დახმარება შევძელი. ასეთი ეპიზოდები თავდაჯერებას გაძლევს“.
ეს შენს რეაქციაზეც ჩანდა.
„დიახ, ასეთი ვარდნების შემდეგ გულშემატკივრების ჩართვა ძალიან მომწონს. მინდა, ჩემი ემოციები მათ გადავცე. კიოლნში ამისთვის ბევრი არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. მაყურებელი თამაშზე ძალიან ემოციურად რეაგირებს და ასეთი ეპიზოდის შემდეგ მაშინვე ფეხზე დგება. ეს უკვე ძალიან მომეწონა“.
მეორე ტაიმში გასახდელიდან ძალიან კარგად გამოხვედით. რა გითხრათ მწვრთნელმა შესვენებაზე?
„მან გვითხრა, რომ კარგად დავიწყეთ თამაში, თუმცა შეხვედრის მიმდინარეობისას კონტროლი დავკარგეთ. საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით და გარკვეულ მომენტებში ძალიან ღრმად ვთამაშობდით. პრესინგის მომენტების შემდეგ „ჰოფენჰაიმი“ შეცდომებსაც უშვებდა. მწვრთნელისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ანგარიში მხოლოდ 0:1 იყო და თამაში ჯერ კიდევ სრულიად ღია რჩებოდა. ვიცოდით, რომ მომენტები გვექნებოდა და შეხვედრის შემოტრიალებას შევძლებდით“.
გასულ სეზონში მხოლოდ „ბაიერნმა“ შეძლო ჩამორჩენიდან ქულების მოპოვება უფრო მეტ მატჩში, ვიდრე „კიოლნმა“. ამ გუნდში დანებების სურვილი არ ჩანს. შენც ასე იგრძენი?
„აუცილებლად, გუნდს სწორი დამოკიდებულება აქვს. ამას გრძნობ. გულშემატკივრების მხარდაჭერით კი ყველაფერი კიდევ უფრო მარტივი ხდება. ისინი მაშინ გაძლევენ ძალას, როცა თამაშში რთული პერიოდი გაქვს, მეტოქე ძლიერდება ან გოლს ვუშვებთ. თუ ამ მენტალიტეტსა და ერთიანობას შევინარჩუნებთ, ამ სეზონში ბევრი სიამოვნების მიღება შეგვიძლია“.
მწვრთნელმა მატჩის შემდეგ შეგაქო, რადგან უკვე დიდ პასუხისმგებლობას იღებ. მოგწონს ლიდერის როლი?
„პასუხისმგებლობის აღება მომწონს. ყოველთვის მინდა ვიყო ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყველაფერს აკეთებს, აგრესიულია და ემოციებს გამოხატავს. იმედი მაქვს, ამით სხვებსაც გარკვეულწილად ავიყოლიებ. თუმცა საკუთარ თავს არ ვცვლი. გუნდს მხოლოდ მაშინ ველაპარაკები, როცა მართლა ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ეს საჭიროა. მინდა ვიყო ლიდერი, რომელიც თავისი კარგი თამაშით უძღვება გუნდს“.
საერთო ჯამში, როგორ ჩაიარა შენთვის პირველმა კვირებმა? როგორ მიგიღო გუნდმა?
„გუნდში ატმოსფერო ძალიან სასიამოვნოა. უკვე საკმაოდ ახლოს ვართ ერთმანეთთან და ერთმანეთს ვეხმარებით. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, მომდევნო კვირებში ერთმანეთსაც კიდევ უკეთ გავიცნობთ. პირველი ორი გამარჯვებაც ამაში აუცილებლად დაგვეხმარება. ძალიან კარგ გზაზე ვდგავართ“.
როგორ მოგწონს ქალაქი და კიოლნში ცხოვრება?
„აქ თავს კარგად რომ გრძნობდე, ყველაფერს ძალიან გიმარტივებენ. ადამიანები ძალიან მეგობრულები და გახსნილები არიან. როცა ყავის საყიდლად გავდივარ, თითქმის ყოველთვის სასიამოვნოდ მელაპარაკებიან. ახლა უკვე ბინაც ვიპოვე და ეს კიდევ უფრო ამარტივებს ყველაფერს. კიოლნში გატარებულ პირველ კვირებზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია“.
პარასკევს შტუტგარტში მიდიხართ. როგორი მატჩი გელოდებათ?
„შტუტგარტი“ ძალიან ძლიერი გუნდია და ეს ბოლო წლებშიც დაამტკიცა. ინდივიდუალური ხარისხი ძალიან მაღალი აქვთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყოთ და მოედანზე ყველა დავალება შევასრულოთ. თუ ჩვენს გეგმას განვახორციელებთ, შტუტგარტშიც ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იქიდანაც რაიმე წამოვიღოთ“.
ცნობისთვის, „კიოლნი“ ბუნდესლიგის მეორე ტურში 4 სექტემბერს, სტუმრად „შტუტგარტს“ შეხვდება.