საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ყაზახეთის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრებო დღეს საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
+100 კგ წონით კატეგორიაში ინანეიშვილმა ჯერ ფრანგ ტიემან დიაბის აჯობა, შემდეგ ყაზახ იერასილ კაჟაბაიევთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში რუს დენის ბატჩაევს სძლია და მედლისთვის კიდევ ერთ რუსს, იბრაგიმ მარგიევს გაეჯიბრა, რომელსაც მოუგო და ბრინჯაოს დაეუფლა.
ამავე წონაში ირაკლი დემეტრაშვილმა ყაზახი ჟამბილ ტურგინალიევი და რუსი დენის ბატჩაევი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ყაზახ იერასილ კაჟაბაიევთან მარცხი განიცადა, რის გამოც ბრინჯაოსთვის პოლონელ გრჟეგოჟ ტერესინსკის შეხვდა, მაგრამ წააგო და მედლის გარეშე დარჩა.
დღესვე, 90 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ აკაკი ჯაფარიძე და სოსო ებილაშვილი, მაგრამ ორივე უმედლოდ დარჩა.
საქართველომ ყაზახეთის გრანდ სლემი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომლებიც საბა ინანეიშვილისა და ზაურ დვალაშვილის აქტივშია.